
საქართველოს პრეზიდენტი კახეთს სტუმრობს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს კახეთის რეგიონში ადგილობრივ გლეხებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებისთვის და ასევე დასძინა, რომ საჭიროა ღვინის მწარმოებლებმა აითვისონ ახალი ბაზრები.
“ეს [ღვინის ექსპორტის აკრძალვა] არის დარტყმა პირდაპირ კახეთზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გავაცინოთ ეს ხალხი და არ დავანახოთ ჩვენი ზურგი, ჩვენი სისუსტე. ჩვენ, ჯერ ერთი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გადარჩეს [ღვინის ექსპორტი] და გადარჩება იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ვერავინ ვერ აიძულებს ამაზე [ღვინის წარმოებაზე] უარი თქვას“, – განაცხადა 5 აპრილს პრეზიდენტმა კახელ გლეხებთან შეხვედრის დროს.
“მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი დროებითია, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ სასარგებლოც არის ჩვენთვის, რადგან გვაიძულებს, ვიპოვოთ ახალი ბაზრები“, – დასძინა პრეზიდენტმა.
დღესვე კახეთში განთავსებულ ღვინის მწარმოებელ კომპანია “თელიან ველში“ სტუმრობისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგეგმება პრემიერ–მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციების ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში, რათა ქართული ღვინის ექსპორტში შექმნილი პრობლემები შემსუბუქდეს.
“საქართველოსთვის ეს არის საკითხი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ყველა დონის საერთაშორისო არენაზე“, – დასძინა პრეზიდენტმა.