ახალი ამბები

მთავრობა ღვინის სექტორს გადასახადებისგან სამი თვით ათავისუფლებს

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მთავრობამ მხარი დაუჭირა წინადადებას სამი თვით ღვინის მწარმოებელთა საბიუჯეტო გადასახადებისაგან გათავისუფლების თაობაზე.


“პირველ რიგში სამი თვით იქნება გადავადებული ღვინის სექტორისთვის საბიუჯეტო გადასახადების გადახდა, რაც შესაბამისად, მათ მისცემს გარკვეულ ფინანსურ შეღავათებს და უფრო მეტი თანხების მიმართვა შეეძლებათ ახალი ბაზრების მოპოვებაში… იგივე რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაში, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 5 აპრილს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, ამ ერთი თვის განმავლობაში მთავრობა კონცენტრირებული იქნება ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაზე, ასევე “მუშაობა მიმდინარეობს უკრაინაში, ყაზახეთში და სხვა მიმართულებითაც შემდგომი საექსპორტო პოტენციალის გაღრმავებაზე“.


დღესვე პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ღვინის იმპორტიორები აპირებენ რუსეთის სასამართლოში სარჩელის შეტანას რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომლის წერილის საფუძველზეც 27 მარტიდან შეწყდა საქართველოდან და მოლდავადან რუსეთში ღვინის იმპორტი.


“ჩვენი პოზიციები სამართლებრივი წესითაც უნდა იყოს დაცული“, – დასძინა ზურაბ ნოღაიდელმა. 


დღესვე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკო ლეკიშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ რუსული ბაზრიდან ქართული ღვინის განდევნა იმ რუსული კომპანიების ინტერესების გამო ხდება, რომლებიც სამხრეთ ამერიკული ღვინოს იმპორტს ლობირებენ რუსეთში. 


“გარდა იმისა, რომ პოლიტიკურია ეს საკითხი და პოლიტიკურ მოგვარებას საჭიროებს, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის რომ იმ კომპანიებმა რომლებიც მუშაობენ ჩილეს, არგენტინის ღვინოებზე, არ მოახდინონ ჩვენი დაჯაბნა“, – განაცხადა 5 აპრილს ნიკო ლეკიშვილმა.

Back to top button