ახალი ამბები

საგარეო უწყება უარყოფს გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებულ კრიტიკას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთის შესახებ 31 მარტს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.


ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ დაგმო რეზოლუცია და მას საქართველოს დიპლომატიის დამარცხება უწოდა, რადგანაც დოკუმენტი არ შეიცავს დებულებას, რომელიც განსაზღვრავს აფხაზეთის სტატუსს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში, როგორც ეს გაეროს უშიშროების საბჭოს წინა რეზოლუციებში იყო გაცხადებული.      


საქართველოს საგარეო უწყებამ კი რეზოლუციას “წინ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა 2006 წლის 31 იანვრის რეზოლუციასთან შედარებით, რომელიც წმინდა ტექნიკური ხასიათის დოკუმენტს წარმოადგენდა, უგრძელებდა რა მანდატს გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში.


საგარეო უწყების ცნობით, ახალ რეზოლუციაში შენარჩუნებულია საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, მათ შორის საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის საკითხი. ამაზე მეტყველებს მითითება 1615 რეზოლუციის  დებულებებზე, სადაც ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული. 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიესალმა უშიშროების საბჭოს 31 მარტის რეზოლუციას აფხაზეთზე.  

Back to top button