
რუსეთი ქართულ ალკოჰოლურ სასმელებზე შეზღუდვებს ამკაცრებს
რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო, რომლის დასკვნის საფუძველზეც 27 მარტიდან რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან და მოლდავადან იმპორტირებულ ღვინოსა და ღვინომასალაზე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნებართვების გაცემა შეჩერდა, რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსის ალექსანდრე ჟერიხოვის სახელზე 4 აპრილს გაგზავნილ მორიგ წერილში ასევე მოითხოვს შეწყდეს რუსეთში ქართული და მოლდავური კონიაკისა და შუშხუნა ღვინოების იმპორტიც.
“მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, 2006 წლის 5 აპრილიდან ვაჩერებ უკვე გაცემული სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური დასკვნების მოქმედებას საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკებიდან რუსეთის ტერიტორიაზე შემოტანილ კონიაკებზე, ღვინოებზე (მათ შორის შუშხუნა ღვინოებზე) და ღვინომასალებზე, რომლებიც დამზადებულია ხსენებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე“, – ნათქვამია რუსეთის მთავარი სანიტერული ექიმის წერილში .
5 აპრილს გაზეთ “კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით “მეღვინეები სიმართლეს სასამართლოში ეძებენ“, ნათქვამია, რომ ქართული და მოლდავური ღვინის რუსი იმპორტიორები გენადი ონიშჩენკოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ ქართული და მოლდავური ღვინოებისათვის ტყუილით მიყენებული ზიანის აღიარებისა და ღვინის იმპორტის აკრძალვის შესახებ მისი წერილების გაუქმების მოთხოვნებით.
“ქართული და მოლდავური ღვინის იმპორტის აკრძალვის დროს, ბატონმა ონიშჩენკომ არ წარმოადგინა მათი [ღვინის] დაბალი ხარისხის დამადასტურებელი ფაქტები. გარდა ამისა, ჩვენ აგვიკრძალეს იმ ღვინის გაყიდვაც, რომელსაც უკვე აქვს სერტიფიკატები”, – იტყობინება “კომერსანტი” ქართული და მოლდავური ღვინის იმპორტიორი კომპანია “ღვინის მსოფლიო” წარმომადგენლების სიტყვებზე დაყრდნობით.