
სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს რეკომენდაციით მიმართა
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილის რეგიონულ ტელეკომპანია “თრიალეთში“ საქმიანობაზე მოპოვებული მასალები პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის საკითხის შესწავლისა და შემდგომი რეაგირების რეკომენდაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს გაუგზავნა.
ტელეკომპანია “თრიალეთის“, აგრეთვე გაზეთ “თრიალეთის“ ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა ტელერადიოკომპანიის გენერალური დირექტორის ჯონი ნანეტაშვილისა და მისი ძმის, პარლამენტარ ბადრი ნანეტაშვილის მხრიდან მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე სახალხო დამცველს მიმართეს.
“მიუხედავად იმისა, რომ ტელერადიოკომპანიის ოფიციალური გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილია, ჟურნალისტების განცხადებით, რეალური ხელმძღვანელი მისი ძმა, პარლამენტარი ბადრი ნანეტაშვილია, რომელთან შეთანხმების გარეშე ეთერში არცერთი სიუჟეტი არ გადიოდა“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ 3 აპრილს გავრცელებულ პრეს–რელიზში.
2003 წლამდე ბადრი ნანეტაშვილი “თრიალეთის” დირექტორი იყო, შემდეგ კი პარლამენტში არჩევამდე, შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ ქარელის მოადგილედ მუშაობდა.