ახალი ამბები

სააკაშვილი მიესალმება რუსეთთან შეთანხმებას ბაზების გაყვანის თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 3 აპრილს გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე და მას “ისტორიული“ უწოდა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ “სერიოზულ ძალებზე“, რომლებიც საქართველოს განვითარების შეფერხებას ცდილობენ.


“ეს [შეთანხმება] არის ჩვენი კონსტრუქციული დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება. როდესაც შარშან დავიწყეთ ბაზების გაყვანაზე მსჯელობა, ბევრს ეს არარეალისტურად ეჩვენებოდა. როდესაც შარშან მე უარი ვთქვი მოსკოვში წასვლაზე, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდებოდა, ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ზედმეტად მკვეთრი და პროვოკაციური ქმედება იყო. მაგრამ ჩვენ, პრეზიდენტ პუტინთან ერთად შარშან მოვახერხეთ პოლიტიკურ პრინციპებზე შეთანხმება, რომელიც მაშინ საგარეო მინისტრების დონეზე გაფორმდა, მაგრამ მთავარი დოკუმენტი არის ეს [31 მარტის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის]“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, ეს შეთანხმება არის “პირველი, სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი… და ჩვენ სხვა საკითხებსას გადავწყვეტთ“.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ “საქართველოს წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ძალები, ძალიან დიდი ფულით, ძალიან ინტენსიურად მუშაობენ“.


“ეს არის ყოველდღიური ბრძოლა ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ დიდი დაწოლის პირობებში ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა, ისევე როგორც ეს გააკეთეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ისევე როგორც ეს გააკეთეს აღმოსავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, პრობლემები თანმიმდევრულად იქმნება, რათა შეფერხდეს საქართველოს განვითარება.


“გადავწყვეტთ ერთ საკითხს, დავძლევთ კორუფციას, მეორე პრობლემა ჩნდება ტერიტორიული პრობლემების სახით, ბაზების სახით. გადავწყვეტთ მეორე საკითხს, მესამე საკითხი ჩნდება ღვინის ემბარგოს სახით და ენერგეტიკული პრობლემების სახით“, – განაცხადა მან.


“საქართველო ყველა დიდი განვითარების შემაფერხებელი ჯაჭვისაგან აუცილებლად გათავისუფლდება, რომელიც საქართველოს ევროპაში დამკვიდრებასთან და ევროპის სახლში საბოლოო ინტეგრაციასთან აშორებს“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

მსგავსი/Related

Back to top button