ახალი ამბები

სვიმონიშვილი: ქართული ღვინის იმიჯის შელახვის საშუალებას არავის მივცემთ

სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა დღეს განაცხადა, რომ სამინისტრო ათამდე ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიის პროდუქციას შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში აგზავნის, სადაც ლაბორატორიული შემოწმება ჩატარდება რუსული მხარის პრეტენზიების გასაქარწყლებლად.


“არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ქართული ღვინის იმიჯი შელახოს“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე სვიმონიშვილმა.


ქართული ღვინის იმპორტი რუსეთმა 27 მარტს შეაჩერა რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოს რუსეთის საბაჟო სამსახურისადმი გაგზავნილი წერილის საფუძველზე. იმპორტის შეწყვეტის ოფიციალური მოტივი სანიტარულ –ეპიდემიოლოგიურ წესებთან და უსაფრთხოების ნორმებთან ქართული პროდუქციის შეუსაბამობა იყო, რასაც ქართული მხარე არ ეთანხმება.


ღვინის მწარმოებელი ერთ–ერთი ქართული კომპანიის “თელიანი ველის“ მფლობელმა არჩილ გეგენავამ 31 მარტს განაცხადა, რომ “რუსეთის შავი პიარი, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებში ღვინის ექსპორტზეც აისახა“.  


30 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის გადაწყვეტილებას ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის თაობაზე “ცინიკური” უწოდა.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ 30 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება პოლიტიკურია და მოსალოდნელიც იყო.


სახელმწიფო მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება დიდი ხნის წინ აფრთხილებდა მეწარმეებს ამ საფრთხის თაობაზე, “თუმცა მათ მიერ ცოტა რამ გაკეთდა”.


მისი თქმით,  პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა არის ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ბაზრების დივერსიფიკაცია.


ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ღვინის ექსპორტის 80% რუსეთზე მოდის და წლიური ვაჭრობის მოცულობა 100-120 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button