
ბენდუქიძე: მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს
დღეს პარლამენტში გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში “ოფიციალური ან არაოფიციალური“ მოლაპარაკებები მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე არ მიმდინარეობს, მათ შორის არც “გაზპრომთან“.
“თუ მთავრობა დარწმუნდება, რომ გაზსადენის გაყიდვა საჭიროა, ამისთვის საჭიროა კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც კრძალავს სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას… აქედან გამომდინარე საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის იქნება საქართველოს პარლამენტის ხელში“, – განაცხადა ბენდუქიძემ.
თუმცა ბენდუქიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პირადი პოზიცია, რომ ის მხარს უჭერს ამ გაზსადენის გაყიდვას. მისი თქმით, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისათვის მთავარი საკითხი არის გაზის მოწოდების დივერსიფიკაცია.
“მთავარი ის კი არ არის მილი ვისია, მთავარი ის არის, რომ ამ მილში გაზი მოდიოდეს“, – განაცხადა ბენდუქიძემ და დასძინა, რომ გაზსადენის გასხვისებაში “ხიფათს ვერ ხედავს”.
“თუმცა მთავრობის პოზიცია ამ ნაწილში ამ ეტაპზე არის, რომ არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს“, – განაცხადა ბენდიქიძემ დეპუტატების კითხვებზე პასუხად.