ახალი ამბები

შსკ სამშვიდობო გეგმის განხორციელების მიზნით კომისიის შექმნაზე შეთანხმდა

ვლადიკავკაზში 27-29 მარტს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ 10–კაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეიმუშავებს სამშვიდობო პროცესის ერთობლივ სამოქმედო პროგრამას, სადაც ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების ინტერესები იქნება გათვალისწინებული.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობა და სამუშაოს მიმდინარეობა შსკ-ს შემდგომ სხდომაზე დადგინდება, რომელიც აპრილის ბოლოს ცხინვალში იგეგმება.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შსკ-ს სხდომა “კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ წარიმართა.


შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შსკ-ს თანათავმჯდომარეებს (რუსული, სამხრეთ ოსური, ჩრდილოეთ ოსური მხარეებიდან) გადასცა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციის შესახებ მომზადებული კანონპროექტი.

Back to top button