ახალი ამბები

გილაური ირანიდან მიღებული გაზის ფასს კვლავ არ ასახელებს

დღეს პარლამენტში, სამთავრობო საათზე გამოსვლისას ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ირანიდან მიღებული ბუნებრივი აირის ფასი კონფიდენციალურია, თუმცა საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ირანისგან 1000 კუბამეტრი გაზი 233 აშშ დოლარად შეიძინა, “ტყუილი და პროვოკაციულია”.


გილაურის განცხადებით, იგი უშუალოდ ესწრებოდა ირანული გაზის მოწოდების შესახებ მოლაპარაკებებს და ფლობს ინფორმაციას რეალური ფასის შესახებ. “თუმცა იმის გამო, რომ შეთანხმება კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა [გაზის საერთაშორისო კორპორაციამ] გააფორმა, ინფორმაცია კონფიდენციალურია ირანული მხარის მოთხოვნით“, – დასძინა მინისტრმა.


გილაურმა მას შემდეგ , რაც ფრაქცია “დემოკრატიულმა ფრონტმა“ უსაყვედურა მინისტრს საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო, მზადყოფნა გამოთქვა დეპუტატებს ირანული გაზის შესახებ ყველა ინფორმაცია პარლამენტის ბიუროს დახურულ რეჟიმში მიაწოდოს, სავარაუდოდ 3 აპრილს.


სამთავრობო საათზე მთავრობის წევრების დაბარება ოპოზიციურმა ფრაქცია “დემოკრატიულმა ფრონტმა“ მას შემდეგ მოითხოვა, რაც იანვრის ბოლოს რუსეთიდან გაზის მოწოდების შეწყვეტის შემდეგ, ხელისუფლებამ ირანთან ალტერნატიული გაზის მოწოდების შეთანხმებას მიაღწია, თუმცა ფასი არ დაასახელა.

Back to top button