
ტელეკომპანიები ბუნტის დროს გარდაცვლილთა რაოდენობას ეჭვქვეშ აყენებენ
ტელეკომპანიების “იმედის“ და “მზის“ ინფორმაციით, 27 მარტს ციხეში ბუნტის დროს გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალური ვერსიაა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.
ტელეკომპანია “იმედის“ ცნობით, მე-5 საპყრობილის პატიმარს მამუკა ღვინიაშვილს, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სხეულზე მრავალი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა თავის არეში.
ღვინიაშვილის ნათესავების თქმით, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ღვიძლის დაავადება იყო, თუმცა ღვინიაშვილის დედის განცხადებით, მან ბუნტამდე ერთი დღით ადრე მოინახულა შვილი ციხეში, რომელსაც არაფერი უთქვამს ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის შესახებ. მან ასევე უარყო, რომ მისი შვილი ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა, იტყობინება ტელეკომპანია “იმედი“.
ღვინიაშვილი არ იყო იმ გარდაცვლილი 7 პატიმრის სიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გივი მიქანაძემ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მამუკა ღვინიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა არ ჰქონია.