ახალი ამბები

გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეთა უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

დღეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)  და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაციამ “გორბი” წარმოადგინეს საარჩევნო საკითხებზე საქართველოს 1394 მოქალაქის გამოკითხვის შედეგები.


მოქალაქეთა ძირითადი ნაწილი (85.3%) მიიჩნევს, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში (73.4%), მიუხედავად საქართველოში არჩევნების შედეგების სიზუსტისადმი და სამართლიანობისადმი მათი გარკვეული უნდობლობისა (33.5%). გამოკითხულთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტს და ადგილობრივ ხელისუფლებას არა მოქალაქეები ირჩევენ, არამედ თავად ხელისუფლება.


რესპოდენტთა 24.5% თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების თანამონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციაში უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანობას და ეს შეამცირებს არჩევნების გაყალბების ალბათობას (21.4%). არადა, დღეს საარჩევნო ადმინისტრაციები პროფესიული ნიშნით არის დაკომპლექტებული.


მოქალაქეთა 29.8% სკეპტიკურად უყურებს ამომრჩეველთა სიების ხარისხს, თუმცა ადგილობრივი არჩევნების წინ გამოკითხულთა 37.6% სიების სრულყოფაში თანამონაწილეობას არ აპირებს.


კვლევის მიხედვით,  მოქალაქეთა უმრავლესობა არ იცნობს თვითმმართველობის სფეროში მომხდარ ცვლილებებს და არ იცის ვის აირჩევს მომავალ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც 2006 წელს ჩატარდება.


ISFED–ი იმედს გამოთქვამს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოკითხვით გამოვლენილ საზოგადოებრივ განწყობებს პარლამენტი და საარჩევნო ადმინისტრაცია თავიანთ საქმიანობაში გაითვალისწინებენ.

Back to top button