ახალი ამბები

აშშ-ს ელჩი ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სიფრთხილით საუბრობს

აშშ-ს ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ 23 მარტს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ დგას დემოკრატიული განვითარების გზაზე, არსებობს გარკვეული ვითარება, რაც შეშფოთებას იწვევს.


ამერიკელმა დიპლომატმა საპასუხო განცხადება გააკეთა იმ მოხსენებაზე, რომელიც საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა წარმოადგინა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.


“ელჩი როი რივის მოხსენებიდან ნათელია, რომ [საქართველოს] მთავრობა და პარლამენტი მტკიცედ დგანან დემოკრატიული განვითარების გზაზე და ღიად იღებენ საერთაშორისო მეგობრების რჩევებსა და აქტიურ მხარდაჭერას. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ ელჩის მოხსენებას ადამიანის უფლებებზე, მედიის თავისუფლებაზე, შესაბამის პროცესებზე, სასამართლო დამოუკიდებლობაზე და პენიტენციალურ მდგომარეობაზე საქართველოში, სადაც არსებობს ვითარება, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ჯული ფინლიმ.


“დემოკრატია ყოველთვის არის “პროცესში მყოფი სამუშაო“ და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ კრიტიკაზე რეაგირების სისტემური მიდგომა დაგვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ საქართველო მიაღწევს დასახულ მიზნებს – ეს არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია“, – დასძინა მან.


 

Back to top button