ახალი ამბები

აშშ გმობს სამხრეთ ოსეთის მოწოდებებს რუსეთში შესვლის თაობაზე

აშშ-ს ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ 23 მარტს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს “მეტის გაკეთება შეუძლია კონფლიქტის მოსაგვარებლად“. მან იქვე აღნიშნა შერეული სამშვიდობო ძალების წარუმატებლობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან უკანონოდ განლაგებული მძიმე ტექნიკის გამოყვანის თაობაზე.


აშშ-ს დიპლომატის ამ განცხადებას წინ უძღოდა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის როი რივის მოხსენება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ.


ჯული ფინლიმ ასევე დაგმო სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის მიერ 22 მარტს გაკეთებული განცხადება რუსეთში გაერთიანების სურვილის თაობაზე.


“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ინფორმაციების გამო, რომელიც ეხება უკანონო სამხედრო ტექნიკის არსებობას კონფლიქტის ზონაში, ასევე შერეული სამშვიდობო ძალების წარუმატებლობას უზრუნველყოს ამ ტექნიკის გაყვანა ეუთოს კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა ჯული ფინლიმ.


მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს როი რივის წინადადებას კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ გუფთასთან საგუშაგოს გახსნის თაობაზე.  


“საგუშაგო არსებითად დაეხმარება შერეულ სამშვიდობო ძალებს და ეუთოს [მონიტორინგის ოფიცრებს] არ დაუშვან უკანონო აღჭურვილობის შემდგომი გადადგილება კონფლიქტის ზონაში“, – განაცხადა მან.


იგი ასევე მიესალმა როი რივის წინადადებებას მოუწოდონ კონფლიქტის მხარეებს შეასრულონ თავიანთი ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე. აშშ-ს ელჩის განცხადებით, ამგვარი ვალდებულება გააუმჯობესებს საერთო ვითარებას კონფლიქტის ზონაში.


ჯული ფინლი მიესალმა ქართული მხარის წინადადებას კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის და ნდობის აღდგენის მიზნით ცალმხრივი ქმედებების განხორციელების თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომას 27 მარტს მიმართავს და წევრ სახელმწიფოებს ამ ქმედებების განხორციელების თაობაზე ინფორმაციას მიაწვდის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button