ახალი ამბები

თბილისი ბელარუსის არჩევნებზე დსთ-ს დამკვირვებელთა შეფასებას არ იზიარებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 19 მარტის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც დაშინების ატმოსფეროში ჩატარდა, არ იყო უზრუნველყოფილი პრესის თავისუფლება და თანასწორი პირობები ყველა კანდიდატისთვის, არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც დემოკრატიული და თავისუფალი.


“თავად ის ფაქტი, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაუშვეს ქართველი დამკვირვებლები, რომლებიც მოქმედებდნენ ეუთოს მანდატით, არამედ ისინი უკანონოდ დააკავეს მინსკის აეროპორტში და გამოაძევეს ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესი სერიოზული დარღვევებით ჩატარდა“, – ნათქვამია საგარეო უწყების 23 მარტის განცხადებაში.


ქართველი დამკვირვებლები არც დსთ-ს დამკვირვებელთა მისიის სიაში არ შეუყვანიათ.


საქართველო უერთდება ეუთოსა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ბელარუსის არჩევნების “უაღრესად არადემოკრატიულად“ შეფასებებს, თუმცა “არ იზიარებს დსთ-ს დამკვირვებელთა შეფასებას, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურია და შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“.


საქართველო სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ბელარუსის დემოკრატიული ძალების მიმართ და გამოთქვამს რწმენას, რომ ეს ძალები ბელარუსში საბოლოო გამარჯვებას მიაღწევენ.


“ვიმედოვნებთ, მთავრობა არ გამოიყენებს ძალას მინსკში ამჟამად მიმდინარე ოპოზიციის მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დასაშლელად. ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას გაათავისუფლოს დაპატიმრებული ადამიანები და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button