ახალი ამბები

სახელმწიფო კომისია საზღვრების დელიმიტაცია–დემარკაციაზე იმუშავებს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით, საქართველო-რუსეთის, საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის მიზნით იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე უხელმძღვანელებს.


კომისიას დაევალება აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის პროცესის უზრუნველყოფა.


საქართველოს მხოლოდ ერთადერთ მეზობელთან – თურქეთთან აქვს დღემდე მოგვარებული სასაზღვრო საკითხები.


17 მარტის ბრძანებულებით, კომისია ვალდებულია საქართველოს სახელით აწარმოოს კონსულტაციები რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციასთან დაკავშირებით და ასევე მოამზადოს სათანადო ხელშეკრულებათა პროექტები.


სახელმწიფო კომისიამ  პრინციპული საკითხები წინასწარ უნდა შეათანხმოს და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საჭიროების შემთხვევაში კი კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობისა და დაინტერესებული უწყებების წინაშე.

Back to top button