
კონსერვატორები შევარდნაძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებას მოითხოვენ
დეპუტატებმა ოპოზიციური კონსერვატიული პარტიიდან 20 მარტს საქართველოს ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაპატიმრება და სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლება მოითხოვეს.
კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ორი ადამიანის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი. დავითაშვილის განცხადებით, ჩანაწერში ედუარდ შევარდნაძე და აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე საუბრობენ.
მისი თქმით, საუბარი ჩაწერილია 2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციამდე , სადაც შევარდანაძე სთავაზობს აბაშიძეს აჭარის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. დავითაშვილმა განაცხადა, რომ შევარდნაძეს აჭარაში შესაძლო არეულობის გამოწვევის ხარჯზე საკუთარი გადარჩენის იმედი ჰქონდა.
“მე მოვითხოვ სამშობლოს მოღალატე ედუარდ შევარდნაძის დაპატიმრებას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. იმიტომ , რომ ეს არის დასრულებული შემადგენლობა სახელმწიფო ღალატისა“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ჩანაწერი არ არის ყალბი, ჩვენ გადავცემთ მას გენერალურ პროკურატურას მისი ნამდვილობის დასადგენად“.
დავითაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ როგორ აღმოჩნდა კონსერვატიული პარტიის ხელში აღნიშნული ჩანაწერი.
გთავაზობთ ორ ადამიანს შორის საუბრის პატარა მონაკვეთს:
“რაც მილოშევიჩს გაუკეთეს, იმას უკეთებენ თბილისს. ხოდა ჩვენ არ უნდა დავუშვათ მაგ… მე ვიცი, რომ მაგენი აქ მოგვადგებიან და მერე უნდა ვიბრძოლოთ. ჯობია ეხლა ვიბრძოლებთ, მანდ, თბილისში, თქვენთან ერთად“, – ამბობს, სავარაუდოდ, ასლან აბაშიძის ხმა.
“მოთხოვნებში აუცილებლად უნდა გაიჟღეროს, უბრალოდ ჩემი რჩევაა და თუ ყურადღებას მიაქცევ კარგი იქნება, აი იმის ჩამოსვლამ, დებოშმა, შეურაცხყოფამ, რომელიც იმან აჭარას მიაყენა, იცი შენ ვინა მყავს მხედველობაში, გამოიწვია ისეთი რეაქცია, რომ იძულებული ვიყავი განცხადება გამეკეთებინა, რომ ასეთი ხალხი თუ იქნება, გავალ საქართველოს შემადგენლობიდან, მაგრამ მე რა თქმა უნდა ამას არ დავუშვებ. ერთ–ერთი ლოზუნგი უნდა იყოს საქართველოს მთლიანობისათვის, სიძლიერისათვის, მათ შორის აჭარის სიძლიერისათვის და რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ყოველთვის“, – პასუხობს ხმა, რომელიც სავარაუდოდ, ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის.