
ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან “პოლიტიკურ რეპრესიებზე“ საუბრობს
დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა რესპუბლიკური პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატ ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, “დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიები“ უწოდეს.
რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ახალი მემარჯვენეები, თავისუფლება, ლეიბორისტები, და საქართველოს გზის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან მოითხოვენ დაინტერესდნენ “ხელისუფლების რიგებში მყოფი ორგანიზებულ დანაშაულთა ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებით“. ოპოზიცია კვლავ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომას მოითხოვს.
“ამ ტიპის მოქმედებებს ჩვენ განვიხილავთ, როგორც პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებას როგორც ვალერი გელაშვილის, ისე რესპუბლიკური პარტიის და მთლიანად დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ… ხელისუფლება ცდილობს საკუთარი უვარგისობის გადასაფარად კიდევ უფრო გააღრმავოს პოლიტიკური რეპრესიები“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.
“მე მოვუწოდებ ხელისუფლებას გონს მოეგოს, ასეთი მეთოდებით ბრძოლა მას კარგს არაფერს არ მოუტანს და არ მოუტანს კარგს ჩვენს ქვეყანას… ჩვენ [ოპოზიცია] ამ ფაქტების გამო კიდევ უფრო შევკავშირდებით და ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ პოლიტიკური ტერორის, პოლიტიკური ანგარიშსწორების რეჟიმი ქვეყანაში დასრულდეს“, – განაცხადა კონსერვატორების ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება გააგრძელებს ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ ბრძოლას და მას გააგდებენ პარლამენტიდან საპარლამენტო ოპოზიცია “ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს“.