
საპარლამენტო კომიტეტი გელაშვილის ბიზნეს–ინტერესებს შეისწავლის
დღეს პარლამენტის ბიურომ „ნაციონალური მოძრაობის“ თხოვნით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ წევრის, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ბიზნეს–ინტერესების შესწავლა დაავალა.
ვალერი გელაშვილის ბიზნეს–ინტერესების შესწავლით საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისი ერთ–ერთ სკოლაში გაჩენილი ხანძარი იმ სამშენებლო კომპანიის ინტერესებს დაუკავშირა, რომლის უკანაც დეპუტატი გელაშვილი დგას. გელაშვილმა უგულავას ბრალდებებს “ცილისწამება“ უწოდა და განაცხადა, რომ მერს სასამართლოში უჩივლებს.
“მან [გელაშვილმა] დაადასტურა, კერძოდ იმ სკოლასთან დაკავშირებით, სადაც ძალიან საეჭვო ხანძარი მოხდა, რომ მას აქვს ბიზნეს–ინტერესები. ეს მისი სიტყვებია. ამაზე მეტი რა უნდა იყოს იმისთვის, რომ კომიტეტმა ეს საკითხი შეისწავლოს, მოუსმინოს ამ ხალხს და გამოიტანოს თავის დასკვნა“, – განაცხადა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის გავლენიანმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილემ რატი სამყურაშვილმა 20 მარტს გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ “გელაშვილი ღიად ლობირებს თავის ბიზნესს და ჩართულია ბიზნეს–საქმიანობაში“.
კანონმდებლობით, დეპუტატებს სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალებათ.