
თბილისის მერი სკოლის ხანძართან დეპუტატის შესაძლო კავშირზე საუბრობს
თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ავლაბარში მდებარე #84 სკოლაში გაჩენილი ხანძარი შესაძლოა ოპოზიციური “რესპუბლიკური“ პარტიის წევრის, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ინტერესებთან იყოს კავშირში.
უგულავამ, რომელმაც დღეს “რუსთავი 2“–ით ეთერში გელაშვილს “ოლიგარქი“ უწოდა, განაცხადა, რომ არსებობს “საფუძვლიანი ეჭვი“, რომ სკოლაში ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა. მისი თქმით, ამ ფაქტთან შესაძლოა კავშირი ქონდეს “რესპუბლიკელ“ ვალერი გელაშვილს, რომლის სამშენებლო კომპანიას სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას აწარმოებს.
“არსებობს ამ [გელაშვილის კუთვნილი] სამშენებლო კომპანიის წერილი განათლების სამინისტროსადმი, სადაც კომპანია სკოლის შენობის სანაცვლოდ სამინისტროს ახალი შენობის აშენებას სთავაზობს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, სკოლაში გაჩენილი ხანძრის მიზეზებს სამართალდამცავები გამოიძიებენ და “ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი“.
ვალერი გელაშვილს ცოტა ხნის წინ უთანხმოება მოუვიდა ხელისუფლებასთან პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის გამო. რეზიდენციის მშენებლობას მისი სამშენებლო კომპანია აწარმოებდა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ღია დაპირისპირების შემდეგ, გასული წლის ივლისში დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასმა განხორციელდა, რის შედეგადაც გელაშვილი მძიმედ დაშავდა.
ოპოზიციამ ეს თავდასხმა ხელისუფლების “ანგარიშსწორებად” შეფასა და სამართალდამცავი ორგანოები ამ საქმის გამოუძიებლობის გამო არაერთხელ გააკრიტიკა.