
პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ორივე ინიციატივა მიიღო
17 მარტს საქართველოს პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის ინიცირებული ორი დადგენილების პროექტი – კონფლიქტების შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნისა და საქართველოს ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების შესახებ – ერთხმად დაამტკიცა.
საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას განცხადებით, პირველი დადგენილების თანახმად, საქართველოს მთავრობას დაევალა სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელიც ქვეყნისათვის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად და პოსტ-საბჭოთა პერიოდში მიყენებულ ზარალს შეისწავლის. მისი თქმით, წინასაწრი მონაცემებით საუბარია 15 მილიარდ აშშ დოლარის ოდენობით ზარალზე.
მეორე დადგენილება კი მთავრობას ავალებს გამოაცხადოს საერთაშორისო ტენდერი იმ იურიდიული ფირმის შესარჩევად, რომელიც დაიცავს საქართველოს ინტერესებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ქვეყნისათვის რუსეთის მიერ და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქმედი რუსული კომპანიების მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციის თაობაზე.