ახალი ამბები

ხელისუფლება ოპოზიციას დაძაბულობის გაღვივებაში ადანაშაულებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც ბოლო დროს რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, ქვეყანაში დაძაბულობის გამოწვევაში დასდო ბრალი.


“გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც თავისთავს ოპოზიციას ეძახიან, ცდილობს რომ მაქსიმალურად, ყველა საშუალების გამოყენებით არიოს ქვეყანაში სიტუაცია, დაძაბოს მდგომარეობა, შექმნას განწყობა, რომ ქვეყანაში არის კატასტროფული საპროტესტო ტალღა საზოგადოების მხრიდან. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ამას ყველანი ძალიან კარგად ხედავთ. ისინი ვერ ახერხებენ, რომ მათთვის სასურველი ფორმები მისცენ იმ საპროტესტო აქციებს, რომელსაც ცდილობენ, რომ გააკეთონ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ისინი ახერხებენ თავიანთი აქტივისტების გამოყვანას, მაგრამ ვერ ახერხებენ, რომ ყველაფერმა ამან მიიღოს მასობრივი ხასიათი მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა არველაძემ 17 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


არველაძის თქმით, ზოგ შემთხვევაში ამ აქციების ერთადერთი მიზანია, რომ  გაკეთდეს რუსეთის ტელევიზიებზე შესაბამისი სიუჟეტები.


მისი თქმით, ოპოზიციური ძალები “გარკვეულ ოლიგარქიულ ინტერესებს და ზოგ შემთხვევაში კრიმინალურ ინტერესებს ემსახურებიან“.


17 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე სახელმწიფო კანცელარიის წინ შეიკრიბა.


 

Back to top button