ახალი ამბები

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს წევრებად მმართველი პარტიის ორი კანდიდატურა აირჩია

პარლამენტმა დღეს ფარული კენჭისყრით იუსტიციის საბჭოს ორ ახალ წევრად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადილე ნინო კალანდაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ირინა ქურდაძე აირჩია.


ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ კანდიდატმა კახა კუკავამ, რომელსაც მხარი მთელმა საპარლამენტო ოპოზიციამ დაუჭირა, მხოლოდ 36 ხმა მიიღო. კენჭისყრამდე ოპოზიციური ფრაქცია “მრეწველების“ კანდიდატმა გია ცაგარეიშვილმა კანდიდატურა კახა კუკავას სასარგებლოდ მოხსნა, თუმცა ოპოზიციის კანდიდატის გასამარჯვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.


კენჭისყრამდე ოპოზიციამ კანდიდატების სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რასაც უმრავლესობა თავდაპირველად არ დაეთანხმა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეიცვალა.


ოპოზიციამ კანდიდატების გამოსვლებისას ძირითადად ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კალანდაძის კრიტიკას დაუთმო დრო. ოპოზიციამ კალანდაძეს იმ ეჭვების გაფანტვა სთხოვა, რომელიც მისი განათლების ნამდვილობის, არასაკმარისი სტაჟისა და მოსამართლეთა დისციპლინარული კოლეგიის მუშაობაში მონაწილეობის შესახებ საზოგადოებაში არსებობს.


“რა თქმა უნდა, ყველანაირი დოკუმენტაცია გამაჩნია, რომ დავადასტურო, რომ კანონის ფარგლებში ვმოქმედებდი… საჭორაო თემების მიუხედავად, მადლობა კოლეგებს, რომ მხარდაჭერა გამომიცხადეს და ეჭვი არ შეიტანეს ჩემში“, – განაცხადა დღეს პარლამენტის სხდომაზე ნინო კალანდაძემ.


ნინო კალანდაძე, რომელიც იუსტიციის საბჭოს დისციპლინარული კოლეგიის წევრი იყო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინარული გადაცდომის საკითხს იხილავდა,  ე.წ “მეამბოხე” მოსამართლეებმა ყალბი დიპლომისა და შესაბამისი კვალიფიკაციის არქონის გამო ამხილეს.


 

მსგავსი/Related

Back to top button