
შსს–ს წინ არასამთავრობოები აქციას მართავენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ ორგანიზებული საპროტესო აქცია დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას ასევე სტუდენტებიც იღებენ.
აქციის მონაწილეები სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან შსს–ს წარმომადგენელთა კავშირს აპროტესტებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. “შსს – შენი სიცოცხლე საფრთხეშია“ – ამ შინაარსის პლაკატები აქციის მონაწილეებმა სამინისტროს წინ გამოფინეს.
შსს–თან მიმდინარე აქციის მონაწილეები მოგვიანებით, 16:00 საათისთვის კანცელარიის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდებიან, სადაც ძირითადი მოთხოვნა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთთა გასამართლება, ვანო მერაბიშვილის გადადგომა და მკვლელობის საქმის მიუკერძოებელი გამოძიება იქნება.
დღევანდელ აქციას წინ უძღოდა სახალხო პროტესტი, რომელიც 16 მარტს თბილისში და ქვეყნის სხვა ქალაქებში ავტომანქანების ათასობით მფლობელის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ნიშნად რამდენიმე წუთიანი ავტოსიგნალის მიცემაში გამოიხატა.