ახალი ამბები

სააკაშვილი ბელარუსის “დიქტატორულ“ რეჟიმს აკრიტიკებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლა თავისუფლებისთვის ბელარუსში ნიშნავს “ბრძოლას თავისუფლებისთვის მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში“.


“საქართველო დიდი ბრძოლის შუაგულში იმყოფება… ეს არის იმპერიალური სივრცე – ეს არ არის მხოლოდ აბსტრაქტული რამ, ეს არის კონკრეტული რამ, ეს ის ხალხია, ვინც ჩვენ აფხაზეთში არ გვიშვებს, ვინც ცხინვალში დაძაბულობა გააღვივა… და ეს იმპერია ბელარუსში და ზოგიერთ სხვა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკაშია“, – განაცხადა სააკაშვილმა პრეს-კონფერენციაზე.


“ამრიგად, ბრძოლა თავისუფლებისთვის ბელარუსში არის ბრძოლა თავისუფლებისთვის მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის აფხაზეთში, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის თბილისში, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის ბათუმში. იგივე ხალხი, ვინც ისტერიულად ცდილობს დაძაბულობა გამოიწვიოს საქართველოში, ამავე დროს ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ამჟამად ბელარუსში არსებული დიქტატორული რეჟიმი შეინარჩუნონ. როდესაც მეკითხებიან, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს რა ხდება ბელარუსში, მე ვპასუხობ, რომ ეს ღირებულებები [თავისუფლების] ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა ხნის წინ ერთ–ერთ ჟურნალში ვნახე ფოტო, რომელზეც მინსკში ახალგაზრდა კაცი იყო გამოსახული, რომელსაც ცემენ და მას ქართული ხუთჯვრიანი დროშა უჭირავს. ქართული დროშა თავისუფლების სიმბოლოდ გადაიქცა. ჩვენ არასოდეს ვეტყვით უარს ამ ღირებულებებს, რადგანაც ეს ღირებულებები ჩვენთვის გაერთიანებას ნიშნავს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button