ახალი ამბები

ქართველი დეპუტატები მინსკის აეროპორტში დააკავეს

ქართველ დეპუტატთა 8–კაციანი ჯგუფი, რომლებიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ეგიდით ბელარუსში 19 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით 16 მარტს გაემგზავრნენ, მინსკის აეროპორტში არიან დაკავებულები.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატებთან, რომელთაც თავისუფალი გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ, არ უშვებენ ასევე საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებს.

დაკავებულ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ბელარუსის ხელისუფლების “ტუსაღები” უწოდა.


საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გადასცა პროტესტის ნოტა ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ეგიდით ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მიმავალი საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს პარლამენტართა ჯგუფის მინსკის აეროპორტში დაკავებასთან დაკავშირებით.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის მხარისგან კატეგორიულად მოითხოვს დართოს ნება ქართველ დიპლომატს შეასრულოს საკონსულო ფუნქციები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად, ხოლო საქართველოს პარლამენტართა ჯგუფს მისცეს საშუალება განახორციელოს სადამკვირვებლო მისია ეუთოს ეგიდით“, – ნათქვამია საგარეო უწყების 16 მარტის განცხადებაში.

Back to top button