
პრეზიდენტი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრობს
16 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახლანდელმა მთავრობამ უნდა “დატოვოს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა“ ქვეყანაში.
იგი მიესალმა თბილისის და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის დაწყებას.
“2008 წლისთვის დასრულდება იმ მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც თბილისს იმ ადგილს დაუკავშირებს, რომელიც ცხინვალისკენ უხვევს. 2009 წელს დასრულდება თბილისი-ხაშურის მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო 2011 წლისთვის – ბათუმის და სოხუმის მონაკვეთების მშენებლობა. მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. თბილისი-გორის მონაკვეთის მშენებლობა 150 მილიონი აშშ დოლარი ეღირება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ახალი მაგისტრალის მშენებლობა გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების შედეგად გახდა შესაძლებელი. “სხვათა შორის, [2006 წლის] პირველი ორი თვის მონაცემებით, საბიუჯეტო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა“, – განაცხადა მან, თუმცა რიცხვები არ დაუკონკრეტებია.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბათუმის აეროპორტის საბოლოო პროექტი უკვე დამტკიცებულია. “როგორც ტერმინალი, ისე მთლიანი აეროპორტი ახალი იქნება ბათუმში”,– განაცხადა მან.
თურქული კომპანიების “ტავის“ და “ურბანის“ კონსორციუმი ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
“ეს ახალი აეროპორტი ნიშნავს რეგულარულ ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით. იმ ფაქტის გამო, რომ ეს აეროპორტი გახდება თურქეთის შიდა ფრენების ქსელის ნაწილად, ბათუმი-სტამბული-ბათუმის ფრენის ღირებულება მაქსიმუმ 100-150 აშშ დოლარი იქნება, მაშინ როცა ახლა მისი ღირებულება 400-500 აშშ დოლარს შეადგენს. ეს [იაფი ღირებულება] ნიშნავს, რომ ქართველებს გადაადგილების მეტი შანსი ექნებათ, ბიზნესს საქმიანობის მეტი შანსი ექნებათ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
“ამრიგად, წელს ჩვენ გვექნება ახალი აეროპორტები თბილისსა და ბათუმში, მომავალ წელს მინდა ინვესტიციები მოვიზიდო კოპიტნარის აეროპორტისთვის [ქუთაისში]“, – დასძინა მან.
მისი თქმით, “საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანა ხდება“.
“ამჟამად ასობით მილიონობით ინვესტიციების ჩადება ხდება საქართველოში ცენტრალური აზიიდან, ევროპიდან, ისრაელიდან… თანდათანობით დაიწყებს შემოსვლას ამერიკული კაპიტალიც“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა 2005 წელს 9%-ზე მეტი იყო და “წელს 10%-ს გადააჭარბებს“.