
პარლამენტი კონფლიქტებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
საქართველოს პარლამენტმა 16 მარტს განიხილა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელიც ქვეყნისათვის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად და პოსტ-საბჭოთა პერიოდში მიყენებულ ზარალის შესწავლის მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას იმ იურიდიული ფირმის შესარჩევად, რომელიც დაიცავს საქართველოს ინტერესებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ქვეყნისათვის რუსეთის მიერ და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოქმედი რუსული კომპანიების მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციის თაობაზე.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა შოთა მალაშხიამ, რომელმაც პარლამენტის სხდომაზე დადგენილების პროექტი წარადგინა, განაცხადა, რომ “ზარალმა, სავარაუდოდ, 15 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია“.
დადგენილების პროექტს პარლამენტი სავარაუდოდ დაამტკიცებს, რადგანაც დეპუტატთა უმრავლესობამ იგი მოიწონა.
მალაშხიამ ასევე განაცხადა, რომ იგი ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს და პრეზიდენტმა მოიწონა მისი ინიციატივა.