
ბურჯანაძე გაზსადენის გაყიდვაზე გაკეთებული განცხადებების გამო გილაურს აკრიტიკებს
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააკრიტიკა ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური, რომელსაც მოუწოდა, რომ ვიდრე მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვაზე განცხადებებს გააკეთებს, კონსულტაციები პრეზიდენტთან და პრემიერ–მინისტრთან გაიაროს.
“მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც მე, არც უმრავლესობის რომელიმე წევრი, არც პრეზიდენტი არ დაუშვებს გაზსადენის გაყიდვას. ნებისმიერი მინისტრი, რომელიც ამ საკითხს სერიოზულად დააყენებს და განხილვას დაიწყებს, უბრალოდ გადაყვება ამ საკითხს“, – განაცხადა 16 მარტს ნინო ბურჯანაძემ
9 მარტს ნიკა გილაურმა “როიტერს“ განუცხადა, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა რუსული კომპანია “გაზპრომისთვის“ შესაძლებელია, თუ კონტრაქტის ღირებულება და პირობები მისაღები იქნება. თუმცა მოგვიანებით უარყო ეს განცხადება. “გაზსადენი არ იყიდება“, – აღნიშნა 14 მარტს გილაურმა.
“გაზსადენის გაყიდვაზე საუბრები არ მიმდინარეობს. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მე არ ვიცი რას ამბობს გილაური… ჯერ ერთი პარლამენტის დადგენილება ყველას გახსოვთ ალბათ, რომ სტრატეგიული ობიექტების გასხვისება არ მოხდება და ეს გაზსადენს უპირველეს ყოვლისა ეხება“, – განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ბურჯანაძემ.