
პარლამენტმა ხელვაჩაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
დღეს პარლამენტმა 138 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი ხელვაჩაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ პრეზიდენტის 15 მარტის ბრძანებულებას.
ხელვაჩაურის რაიონში 28 თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა 1 ოქტომბრამდე მას შემდეგ ამოქმედდა, რაც აჭარის ამ რაიონში ფრინველის გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის მთავრობის განცხადებით ფრინველის გრიპის კერა ლიკვიდირებულია.
ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა ხელისუფლება არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს, რადგან ხელვაჩაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ იყო.
“საგანგებო მდგომარეობა, რომ არ გამოგვეცხადებინა, ვერ შევძლებდით ფრინველის გრიპის კერის ასე სწრაფად ლიკვიდაციას, შინაური ფრინველის განადგურებას, სანადირო იარაღების ამოღებას [ადგილობრივი მოსახლეობისაგან] და სხვა ღონისძიებების გატარებას… უბრალოდ შეიძლებოდა, რომ [საგანგებო მდგომარეობის]მოქმედების ვადა 1 ოქტომბერი არ ჩაწერილიყო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ.