ახალი ამბები

ამერიკელი დიპლომატები ზურაბ ნოღაიდელს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან 15 მარტს გამართული შეხვედრის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა და ევრაზიის საკითხებში უფროსმა მრჩეველმა სტივენ მანმა კონფლიქტის მოგვარების, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების, ენერგეტიკის საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.


მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ნატოში.


მან ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტების მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია, თან იქვე დასძინა, რომ ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებას დამღუპველი შედეგები ექნება.


“ჩვენ დღეს განვიხილეთ საკითხები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს წარმოადგენს. ეს არის ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენი მეორე საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი ნატოში ინტეგრაციაა. თქვენ იცით, რომ ნატოს სპეციალურმა მისიამ წარმატებით შეაფასა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP). აგრეთვე ვმუშაობთ წევრობის მოქმედებათა გეგმის (MAP) მიღებაზე. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და საინვესტიციო გარემო. იმედი გვაქვს, რომ ნიუ-იორკში საინვესტიციო კონფერენციაზე ამერიკული კომპანიების მხრიდან გამოხატული ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ.


ამერიკელი დიპლომატები საქართველოს 14 მარტს ეწვივნენ სამხრეთ კავკავიის სამ სახელმწიფოში და თურქეთში ტურნეს ფარგლებში.



 

Back to top button