
გილაური: მაგისტრალური გაზსადენი არ იყიდება
სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 14 მარტს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზება.
“გაზსადენი არ იყიდება“, – განაცხადა ნიკა გილაურმა.
თუმცა ენერგეტიკის მინისტრმა 9 მარტს “როიტერს“ განუცხადა, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა რუსული კომპანია “გაზპრომისთვის“ შესაძლებელია, თუ კონტრაქტის ღირებულება და პირობები მისაღები იქნება.
თუმცა, 14 მარტს ენერგეტიკის მინისტრმა აუხსნა ჟურნალისტებს, რომ საქართველომ შესაძლოა ისეთი პირობები შესთავაზოს “გაზპრომს”, მათ შორის გაზსადენის საკმაოდ მაღალი ღირებულება და იმპორტირებული რუსული გაზის დაბალი ფასი, რომ რუსეთი არასოდეს დათანხმდება მათზე. მან იქვე დასძინა, რომ ეს წინადადებები ჯერ არ ყოფილა განხილული რუსულ მხარესთან.
შეხვედრაზე ნიკა გილაურმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ქართული მხარე რუსულ კომპანია “გაზპრომს“ წინადადებებს გაუგზავნის გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი გაზის მოწოდების რაოდენობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, საფასური და რუსეთიდან საქართველოს გავლით გაზის სომხეთში ტრანზიტის ღირებულება.
მინისტრმა სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ექნება გაზის მოწოდების ალტერნატიული გზები. კერძოდ “შაჰ-დენიზის“ გაზსადენი, რომელიც მინისტრის თქმით, ოქტომბრიდან შევა ექსპლოატაციაში, საიდანაც საქართველო პირველი ეტაპისთვის მიიღებს ტრანსპორტირებული გაზის 5%–ს და ასევე შეღავათიან ფასად შეეძლება გარკვეული რაოდენობის გაზის შეძენა.