ახალი ამბები

ოპოზიცია საერთაშორიოს საზოგადოებას მიმართავს

დღეს “ახალი მემარჯვენეების“ ოფისში ოპოზიციური პარტიების “ლეიბორისტების“, “რესპუბლიკელების“, “კონსერვატორების“ და პარტია “თავისუფლების“ ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ და მათ სპეციალურ მიმართვას გაუგზავნიან.


“საერთაშორიოს საზოგადოება პრაქტიკულად ერთადერთია, რომელსაც ყურს უგდებს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენი ხელისუფლება ყრუა თავისი ხალხის მიმართ, მაგრამ იძულებულია ანგარიში გაუწიოს საერთაშორისო საზოგადოებას“, – განაცხადა “კონსერვატორების“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა.


17 მარტს  ოპოზიციის ლიდერები  სანდრო გირგვლიანი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საპროტეტსო აქციის გამართვას გეგმავენ. 


“საზოგადოებას შეუძლია ძალიან პოზიტიური როლი შეასრულოს ამ პროცესების შეჩერებაში, ხოლო ჩვენ ჩვენის მხრივ კოორდინირებული მოქმედებებით ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს მომავალში აღარ შეექმნათ პრობლემები“, – განაცხადა ერთობლივ პრესკონფერნციაზე “ახლების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ.


“რესპუბლიკური” პარტიის ერთ–ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, დღეს ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების აზრის მობილიზება ყველა იმ პრობლემის გარშემო, რომელიც საქართველოში დღეს არსებობს.


“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო აქტიური იყოს ოპოზიციური ძალების ურთიერთობა საერთაშორიოს თანამეგობრობასთან“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.  


დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა “რესპუბლიკური პარტიიდან” განაცხადა, რომ მერაბიშვილის გათავისუფლებამ შესაძლოა მთელი კაბინეტის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის გადადგომა გამოიწვიოს, რადგანაც მერაბიშვილი უკვე მეექვსე მინისტრი იქნება, რომელიც გამოიცვალა 2005 წლის თებერვალში კაბინეტის დამტკიცების შემდეგ. კანონის თანახმად, მთავრობის წევრების ერთი მესამედის შეცვლის შემთხვევაში, მთელი კაბინეტი უნდა გადადგეს. 


ამავდროულად, თბილისში ავტომანქანების მფლობელებმა ზუსტად 18:00 საათზე რამდენიმე წუთიანი სიგნალი მისცეს შს მინისტრის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ნიშნად. ეს ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნოდათ.    


 


 

Back to top button