
ნოღაიდელი უარყოფს მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებს
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა უარყო ვარაუდები შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით.
“მთავრობაში არანაირი ცვლილებები დაგეგმილი არ არის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს 14 მარტს.
ქართული მედიის ვარაუდით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმემ შესაძლოა ვანო მერაბიშვილი შეიწიროს, ხოლო მის ადგილს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ან პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე დაიკავებს.
თუმცა, გავლენიანმა პარლამენტარებმა “ნაციონალური მოძრაობიდან“, დეპუტატ თარგამაძის ჩათვლით, უარყვეს ეს ვარაუდები.
“ამის შესახებ არაფერი გამიგია“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
“ვანო მერაბიშვილი არის მინისტრი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს“, – განუცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 14 მარტს ტელეკომპანია “იმედს“.
14 მარტს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და “ყოფილმა პოლიტპატიმრებმა – ადამიანის უფლებებისთვის“ პრეს-კონფერენცია გამართეს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფები ოპოზიციურ პარტიებთან ერთად 17 მარტს შსს-ს წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტიები “ახალი მემარჯვენეები“, “კონსერვატორები“, “რესპუბლიკელები“, “ლეიბორისტები” , “თავისუფლება“ და “საქართველოს გზა“ სამ მოთხოვნას დააყენებენ: სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთთა გასამართლებას, ვანო მერაბიშვილის გადადგომას და მკვლელობის საქმის მიუკერძოებელ გამოძიებას.