skip to content
ახალი ამბები

თურქეთის პრეზიდენტი მიესალმება საქართველოსთან “მეგობრულ“ ურთიერთობებს

თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯეთ სეზერმა პრეზიდენტ სააკაშვილთან თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთს “ახლო მეგობრული და მეზობლური“ ურთიერთობები აქვს საქართველოსთან და მტკიცედ უჭერს მხარს ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მის მისწრაფებას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. მან ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს. 


პრეზიდენტი სეზერი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 14 მარტს ჩამოვიდა. პრეზიდენტებმა პრესისათვის განცხადებები ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის გარეშე გააკეთეს. პრეზიდენტი სეზერი ასევე შეხვდა  პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესდა პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს.


თავის გამოსვლაში თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულმა ეფექტურმა რეფორმებმა ქვეყნის განვითარებას შეუწყო ხელი.


“ისევე როგორც წინა წლებში, თურქეთი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, თავის წვლილს შეიტანს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკური სტაბილურობის და განვითარების საქმეში“, – დასძინა მან.


“თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ორიენტაციას, რომელიც ითვალისწინებს  ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში და კერძოდ, ნატოში ინტეგრაციას. მოწონებით ვადევნებთ თვალყურს ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.


“გვინდა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პრობლემები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგებში მშვიდობიანი მეთოდებით და კონსტრუქციული მიდგომებით გადაწყდეს. ვისურვებდით, რომ ყველა ეს პრობლემა გადაიჭრას უმოკლეს დროში… ასევე ვისურვებდით, რომ სამხრეთ კავკასიაში შეიქმნას ფართო თანამშრომლობის ატმოსფერო“, – განაცხადა აჰმედ ნეჯეთ სეზერმა.


თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის მნიშვნელობა.


“ინტერესით ვადევნებთ თვალყურს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების პოზიტიურ მუშაობას მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხთან დაკავშირებით. თურქეთი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეპატრიაციის პროცესში“, – განაცხადა მან.


პრეზიდენტმა სეზერმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ორი პრეზიდენტი შეთანხმდა გააძლიერონ ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკური პროექტების საშუალებით.


“ვფიქრობთ, რომ ეკონომიკის დარგში ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ვაჭრობის, ტურიზმის და თევზჭერის სფეროებში. უეჭველია, რომ ეკონომიკური ურთიერთობების საკანონმდებლო ბაზის დასრულება უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  


“კვლავაც მიმდინარეობს მუშაობა, რომ რეგიონისათვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზრუმი გაზსადენი დაემატოს ყარსი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი“, – განაცხადა მან.


მან საქართველოს პრეზიდენტი ზაფხულში ჯეიჰანში დაპატიჟა, სადაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან გატარებული პირველი ნავთობის ტანკერში ჩატვირთვის ცერემონიაა დაგეგმილი.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button