ახალი ამბები

არასამთავრობოები მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების უფლებამოსილების შეჩერება გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობად შეაფასეს და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს  – კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს დათა ახალაიას, ამავე დეპარტამენტის თანამშრომელს ოლეგ მელნიკოვს და გენინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს, რომლებიც სავარაუდოდ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან არიან კავშირში, 13 მარტს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ.


“მაღალჩინოსნების დროებით გადადგომა არის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობა“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ანა დოლიძემ.


“უნდა დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან სწორედ ის არის ამ მანიპულირების ავტორი და ხელის შემწყობი ყველა მიჩქმალვებისა თუ სასათბურე პირობების შექმნისა, რომელიც დღეს გააჩნიათ მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებს“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ ორგანიზაციიდან “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“.


საზოგადოებრივი ირგანიზაციების წარმომადგენლებმა ასევე მოითხოვეს გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამჭვირვალედ გამოძიება და  მკვლელობასთან სავარუდო კავშირში მყოფი მაღალი თანამდებობის პირების ხელახალი საჯარო დაკითხვა. 


 

Back to top button