
ცხინვალს ეუთოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი პიერ შევალიე, რომელიც ცხინვალს საქართველოში ბელგიის ელჩთან, ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან და ეუთოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ბორის ჩოჩიევს შეხვდა.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 13 მარტს იტყობინება, რომ შეხვედრაზე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხები და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
“ოსური მხარე დაჟინებით მოითხოვს შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის დაუყოვნებლივ ჩატარებას ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის მიზნით, რომლებიც შეთანხმებულ გეგმას შეიმუშავებენ. რადგანაც გეგმები, რომლებიც ცალმხრივად მზადდება, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს შემდგომ მოქმედებებს. აუცილებელია ასევე ოთხი მხარის [ქართული, რუსული, სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ ოსური] მაღალი პოლიტიკური ხელმძღვანელების და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის ორგანიზება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის [ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარელ დე გუხტის] მონაწილეობით“, – განაცხადა ბორის ჩოჩიევმა.