
ომბუდსმენი წალკის ინციდენტში ეთნიკურ დაპირისპირებას გამორიცხავს
საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა კატეგორიულად უარყო, რომ 9 მარტს წალკაში მომხდარი ინციდენტი, რომლის შედეგადაც 24 წლის გევორქ გევორქიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი ადამიანი დაიჭრა, ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა, როგორც ამას ადგილობრივი მოსახლეობა და კავშირი “საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“ ვარაუდობენ.
11 მარტს გამართულ პრეს–კონფერენციაზე “მრავალეროვანი საქართველოს“ და ქართველ-სომეხთა გაერთიანება “ნორ სერუნდის“ წარმომადგენლებმა დაგმეს ინციდენტი და ხელისუფლებისგან მომხდარის ობიექტური გამოძიება მოითხოვეს.
“ნორ სერუნდის“ თანათავმჯდომარის მარია მიქოიანის თქმით, ქართველი და სომეხი ეროვნების ახალგაზრდები წალკის ერთ–ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ, სადაც უკრავდა სომხური მუსიკა, რამაც ქართველ ახალგაზრდებში გაღიზიანება გამოიწვია.
“სომეხ ახალგაზრდებზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი გარეთ გამოვიდნენ და უკვე წამოსასვლელად ემზადებოდნენ,“- განაცხადა მარია მიქოიანმა.
“აღნიშული თავდასხმა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წალკის რაიონში 9 მარტს, ჩვენი შეფასებით, გახლავთ მორიგი აგრესიული ფაქტი, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისთვის რეგიონში. სამწუხაროდ იქ კრიმინალური ქმედებები სულ უფრო და უფრო ეთნოსთაშორისი დაპირისპირების ელფერს ღებულობს“, – განაცხადა პრეს-კონფერენციაზე “მრავალეროვანი საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა აგიტ მირზოევმა.
თუმცა სახალხო დამცველი ინციდენტის ამ მოტივს უარყობს. “ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინციდენტი ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა. თუმცა ჩვენი [ომბუდსმენის ოფისის] წარმომადგენლები იქ იმყოფებოდნენ და ცხადი ხდება, რომ ეს წმინდა ყოფით ნიადაგზე მომხდარი ჩხუბი იყო. სამართალდამცველებმა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ ეს საქმე და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა 11 მარტს.
შინაგნ საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ 10 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაკავებულია ინციდენტში მონაწილე ხუთი ეჭვმიტანილი.
სააგენტოების ცნობით, 11 მარტს ახალქალაქში გაიმართა მიტინგი, სადაც ორასამდე ადგილობრივი მაცხოვრებელი შეიკრიბა და მომხდარის სასწრაფო გამოძიება მოითხოვა.