ახალი ამბები

ზურაბიშვილი სხვა პარტიებთან გაერთიანებას არ ადასტურებს

ახალი პარტია “საქართველოს გზის“ ლიდერის, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის კოკო გამსახურდიას პარტია “თავისუფლებასთან“ და გია მაისაშვილის მოძრაობა “მომავლის მთავრობასთან“ გაერთიანების საკითხი.


11 მარტს ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია ამ სამი პოლიტიკური სუბიექტის ერთ პარტიად გაერთიანების თაობაზე.


“კოკო გამსახურდიას არ შემოუთავაზებია, თუმცა რატომაც არა. ჯერ ამის შესახებ შეთანხმება არ ყოფილა. პარტია ხვალ [12 მარტს] დაარსდება და იქ გაცხადდება, თუ ვინ იქნება [პარტიის] შიგნით და ვისთან ვითანამშრომლებთ“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს “იმედს“.


საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა “სივილ ჯოჯიასთვის“ 8 მარტს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის კონსულტაციები გამართოს ოპოზიციურ პარტიებთან. მათ შორის კოკო გამსახურდიასთან, თუმცა აქვე დასძინა, რომ “დემოკრატია არის ამავე დროს მრავალპარტიული წყობა და არა ერთი ოპოზიცია“.


11 მარტს გამართულ ბრიფინგზე კოკო გამსახურდიამ კატეგორიულად უარყო სალომე ზურაბიშვილის პარტიასთან შესაძლო გაერთიანება, თუმცა ეროვნულ ძალებთან თანამშრომლობის სურვილი დაადასტურა.  

“ჩვენ მივესალმებით ოპოზიციური ძალების კოორდინაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი ერთიანი პოზიციის შემუშავების მიზნით. კიდევ ერთხელ გამოვხატავ პოზიციას სოლიდარობის და თანადგომის თაობაზე ყველა ძალისა და საზოგადოებრივი ფენის მიმართ”, – განაცხადა კოკო გამსახურდიამ.
   
გია მაისაშვილმა კი დაადატურა, რომ მისი მოძრაობა სალომე ზურაბიშვილის პარტიას შეუერთდება.

“ჩვენ და სალომე ზურაბიშვილს გვესმის ერთმანეთის ენა და ეს არის ის ეროვნული და თანამედროვე ძალა, რომელიც ამ ქვეყანას, ამ დახავსებული კრიზისიდან გამოიყვანს“, – განაცხადა 11 მარტს გია მაისაშვილმა. 


გია მაისაშვილი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციის წინ დაბრუნდა და მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ახლო მოკავშირე გახდა. თუმცა, რევოლუციიდან მალევე მასთან კავშირი გაწყვიტა.


კონსტანტინე გამსახურდია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, 1992 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობდა. იგი საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა და პარტია “თავისუფლება” ჩამოაყალიბა, რომელმაც 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების 4,4% მოიპოვა. მაშინ ანალიტიკოსებმა ამ მაჩვენებელს მოულოდნელი უწოდეს.      

მსგავსი/Related

Back to top button