
საქართველოს ელჩი აშშ–ში კონდოლიზა რაისს შეხვდა
9 მარტს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვასილ სიხარულიძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე 9 დეკემბერს დაამტკიცეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს ელჩსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის გაიმართა საუბარი, რომელიც შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებს, საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი.
სამინისტროს ცნობით, კონდოლიზა რაისმა დაადასტურა აშშ-ის მთავრობის მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საქმეში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, “განსაკუთრებით აღნიშნა წარმატებები კორუფციასთან ბრძოლაში“.