ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი მისი პარტიის გეგმებზე საუბრობს

ოპოზიციის ერთ–ერთმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 7 მარტს განაცხადა, რომ მისი პარტია “საქართველოს გზა“, რომელიც ოფიციალურად კვირის ბოლოს დაფუძნდება, აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს, რომლის მთავარი მიზანიც ადგილობრივ თვითმმართველობის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში წარმატების მიღწევა იქნება.


“ეს იქნება ახალი ტიპის საზოგადოებრივი პარტია, რომელშიც, ჩვენი აზრით, აუცილებელია საზოგადოების ჩართვა…თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელიც ნაკლებად პოლიტიზირებული უნდა იყოს“, – განაცხადა დღეს პარტიის ოფისის გახსნაზე სალომე ზურაბიშვილმა. 


სალომე ზურაბიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა დღეისათვის აქტუალურ თემებზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და სალარო აპარატების პრობლემასთან დაკავშირებით, რომლებზეც 4 ოპოზიციური პარტია 9 მარტს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავს.


ზურაბიშვილის განცხადებით, გირგვლიანის საქმე, რომლის გამოძიებაც ბოლომდე უნდა მივიდეს, გაცილებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის. მან “არასერიოზული“ უწოდა სალარო აპარატების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს, რომლის მოგვარებაც ხელისუფლებასთან დიალოგის გზითაც არის შესაძლებელი.


“დიალოგის კულტურა კი არ გაგვაჩნია, რაც ჩვენი პოლიტიკის სენია… ქუჩის აქციების მომხრე არ ვარ“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button