ახალი ამბები

შვედი დიპლომატი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ახალი წარმომადგენელი ხდება

შვედი დიპლომატი პიტერ სემნებუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის ახალი წარმომადგენელი გახდა. მან ამ თანამდებობაზე ჰეიკი ტალვიტიე შეცვალა, იტყობინება საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხავიერ სოლანას პრეს-სამსახური 22 თებერვალს. 


ამ ინფორმაციის თანახმად, პიტერ სემნებუს მანდატი, რომელსაც მანამდე ხორვატიაში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, ითვალისწინებს:


• სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დახმარებას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებათა, ეფექტური მმართველობის, განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის სფეროებში;
• რეგიონში კონფლიქტების თავიდან აცილებას და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას, მათ შორის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების ხელშეწყობის გზით; 
• რეგიონის სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის სტიმულირებას და ხელშეწყობას, მათ შორის ეკონომიკურ, ენერგეტიკის და ტრანსპორტის საკითხებზე.


ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენელი 2003 წლის ივლისიდან ჰყავს. ჰეიკი ტალვიტიე ამ თანამდებობაზე პირველი დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button