
პუტინი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს
ბაქოში 22 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, ცდილობს საზოგადოებრივი ყურადღება სოციალური პრობლემებიდან გადაიტანოს “გარეშე მტრის ძიებაზე“. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმ ძალებს შორისაა, რომელთაც სურთ “რუსეთთან ურთიერთობების განვითარება“, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები “ინტერფაქსი“ და “რია ნოვოსტი“.
“ეს არის მცდარი გზა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ შესაძლებელია შიდა პრობლემების მოგვარება მოსახლეობის ყურადღების გადატანით გარეშე მტრების ძიებაზე“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, საბჭოთა დროს საქართველოს ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული იყო ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს შორის, თუმცა ახლა “[საქართველოს] მოსახლეობის ცხოვრების პირობები ძალიან დაბალ დონეზეა“, – იტყობინება “რია ნოვოსტი“.
პუტინის თქმით, საქართველოს ეკონომიკის დაბალი დონე სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს არა მარტო ქვეყანაში, არამედ მთელს რეგიონში.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზა მეზობელ სახელმწიფოებთან დიალოგია. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც საბჭოთა დროის გადმონაშთია, იტყობინება “რია ნოვოსტი“.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არიან ძალები “მათ შორის ხელმძღვანელობაში, რომელთაც სურთ რუსეთთან ურთიერთობების განვითარება, მათ შორისაა პრეზიდენტი სააკაშვილიც“, – იტყობინება “ინტერფაქსი“.