
ბურჯანაძე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
16 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ შეხვედრა გამართა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის კარელ დე გუხტის სპეციალურ წარმომადგენელთან პიერ შევალიესთან.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი თბილისში ჩამოსვლისთანავე გაეცნო რუს სამშვიდობოებზე პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილებას .
მისი თქმით, ეუთო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, მშვიდობიანი გზით დაასრულოს კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება.
“ყველა მხარეს მოვუწოდებთ, დიპლომატიური ხერხები გამოიყენოს. იმედი მაქვს, შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრაზე, რომელიც ერთ კვირაში [ვენაში 20–21 თებერვალს] გაიმართება, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების გათვალისწინებით, ახალი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებები გამოიძებნება“, – განაცხადა პიერ შევალიემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამშვიდობო გეგმის განხორციელება “ჩიხშია“ მოქცეული რუსეთის პოზიციის გამო.
“როგორც საქართველოს პარლამენტის ბოლო დადგენილებაშია აღნიშნული, რუსმა მშვიდობისმყოფელებმა კონფლიქტის ზონა აუცილებლად უნდა დატოვონ და შეიცვალონ ნეიტრალური და ობიექტური სამშვიდობო ძალებით…დღეს არსებული ძალების ჩანაცვლებას ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა 16 თებერვალს ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ეუთოს მხარდაჭერა ამ პროცესში აუცილებელია, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებიდან გადახვევა გამოირიცხოს.