
ბურჯანაძე ლავროვის განცხადებას “არაკომპეტენტურს“ უწოდებს
15 თებერვალს პრალამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ “არაკომპეტენტურობა“ ან “შეგნებული ცინიზმი“ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებას, რომ ცხინვალის რეგიონში სამშვიდობოები დსთ–ს მანდატით იმყოფებიან.
“ძალიან რბილად რომ ვთქვათ უცნაურია, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ იცის დღეს ასეთ ქტუალურ საკითხთან დაკავშირებული – რუსეთის სამშვიდობოების თემა. მან არ იცის, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთში განლაგებულია არა დსთ–ს მანდატით სამშვიდობო ძალები, არამედ ეს არის რუსული სამშვიდობო ძალები“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
“ეს [ლავროვის] კომენტარი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რაოდენ “სერიოზულად“ უყურებენ რუსები სამშვიდობო ოპერაციას ცხინვალის რეგიონში, რამდენად სერიოზულად სწავლობენ იმ დოკუმენტებს, რომელიც ხემოწერილი აქვთ და რამდენად სერიოზულად ახორციელებენ იმ ვალდებულებებს, რომელიც მათ აქვთ აღებული როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თუმცა, ბურჯანაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეუთოში რუსეთმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი საქართველოს სამშვიდობო გეგმას და “ასევე [რუსეთის] საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გააკეთა განცხადება, რომ არ იცის რა სამშვიდობო გეგმაზეა ლაპარაკი და არ იცის რას დაუჭირა მხარი ლიუბლიანას მინისტერიალზე [6 დეკემბერს], ალბათ არც ბატონი ლავროვის განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს“.