ახალი ამბები

ოპოზიცია პრეზიდენტის ანგარიშს აკრიტიკებს

15 თებერვალს გამართული საპარლამენტო დებატების დროს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტის წლიური ანგარიში გააკრიტიკეს პრობლემებზე საუბრისგან თავის არიდების გამო.


“ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობა და პრეზიდენტი მხოლოდ წარმატებებზე საუბრობენ. საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაში ჩვენ პრაქტიკულად არ მოგვისმენია არც ერთ ისეთ პრობლემაზე საუბარი, რომელიც აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას. ჩვენ არ მოგვისმენია იმ ინსტიტუციულ ცვლილებებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა “კონსერვატორული პარტიიდან“ თავის გამოსვლაში.


“მან ბევრი ისაუბრა განათლების რეფორმაზე… მაგრამ ერთი სიტყვით არ უხსენებია სასამართლო რეფორმა. მან სასამართლოები ახსენა მხოლოდ ერთ კონტექსტში, იმ კონტექსტში, როდესაც მას დაჭირდა ტურავას მოხსენიება იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ ყველა მოსამართლე გაფრთხილდეს და არავითარ შემთხვევაში პირობითი სასჯელი არ გამოიტანოს არავისთვის“, – განაცხადა ძიძიგურმა.


მისი თქმით, “არასოდეს სასამართლო ხელისუფლება არ ყოფილა დამოკიდებული ტელეფონის ზარზე [აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან], როგორიც ის არის დღეს“.


“დღეს სასამართლო ხელისუფლება არის პროკურატურის შემადგენელი ნაწილი. თავად პროკურატურა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენელი ნაწილი“, – დასძინა მან.


მან ასევე გააკრიტიკა სამართალდამცავი სტრუქტურები და “რესპუბლიკელების“ წევრზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტი გაიხსენა.


“რამდენიმე თვე გავიდა და ჩვენ ჯერ არ გვაქვს პასუხი, თუ როდის აპირებენ ისინი გამოძიების დასრულებას“, – განაცხადა დეპუტატმა.


ძიძიგურმა ასევე გააკრიტიკა საარჩევნო ადმინისტრაციები მთავრობის კონტროლის ქვეშ ყოფნის გამო.


“ცენტრალური საარჩევნო კომისიას და საარჩევნო ადმინისტრაციებს მთლიანად ხელისუფლება აკონტროლებს. ზოგს გონია, გია ქავთარაძე [ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე] დააწინაურეს იუსტიციის მინისტრად. გია ქავთარაძე გადაიყვანეს სხვა თანამდებობაზე, რადგანაც მას არ აღმოაჩნდა მონური მორჩილების თვისება. ახლა არის შემოთავაზებული სხვა კანდიდატურა [გურამ ჩალაგაშვილი], რომელიც პირდაპირ შეასრულებს იმას, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ დაავალებს მას“, – განაცხადა მან.


დეპუტატებმა “ახალი მემარჯვენეებიდან“ უარი თქვეს დებატებში მონაწილეობაზე. “ჩვენ მოვითხოვდით, რომ პრეზიდენტი დასწრებოდა ამ დებატებს, თუმცა ჩვენს თხოვნას იგნორირება გაუკეთეს. ვერ ვხედავთ იმის მიზეზს, რომ დებატებში მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ “ახალი მემარჯვენეებიდან“.


დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ “რესპუბლიკური პარტიიდან“ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ანგარიში “არის დიალოგის ნაწილი ინსტიტუტებს შორის“ და ეს “არ უნდა გადაიქცეს მონოლოგად“.  
 

Back to top button