ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება: სამი რუსი ოფიცერი უკვე რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს, რომ სამი რუსი ოფიცერი, რომლებიც სხინვალის რეგიონში ვიზის უქონლობის გამო ქართველმა სამართალდამცავებმა 8 თებერვალს დააკავეს და 10 თებერვალს გაათავისუფლეს, უკვე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან.


“დაკავებული ოფიცრები საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ უვიზოდ, უპასპორტოდ, არალეგალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტის – როკის გვირაბის გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნული მძიმე დარღვევების “კასკადისა“, საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება, გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქეები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის მიერ 11 თებერვალს მოსკოველი კოლეგების საპასუხოდ გავრცელებულ კომენტარში.


საგარეო უწყება რუსი კოლეგების პასუხად ასევე აცხადებს, რომ ინფორმაცია 250 კაციანი ქართული სამხედრო შენაერთის კონფლიქტის ზონაში კონცენტრაციის თაობაზე, რაც თითქოსდა რუსი ოფიცრების დაკავების ფაქტს მოჰყვა, “არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც, ეუთოს მონიტორინგის შედეგებითაც დასტურდება“.


“იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ბრმად აღარ დაეყრდნობა ცხინვალის რეგიონიდან “სამშვიდობოების“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და აღარ ჩაიყენებს თავს უხერხულ მდგომარეობაში ცრუ ინფორმაციის გამოყენებით“, – ნათქვამია კომენტარში.

Back to top button