ახალი ამბები

ბურჯანაძემ დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას სიტყვით მიმართა

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კიევში დსთ–ს პარლამენტთაშორისი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების და რუსი სამშვიდობოების შესახებ ისაუბრა.


“მოვუწოდებ [საქართველოს] მთავრობას აქტიური მუშაობა დაიწყოს იმ მიმართულებით, რომ რუსი სამშვიდობოები შეიცვალნონ უფრო ეფექტური სამშვიდობო მანდატით. ბუნებრივია, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი უკრაინელი მეგობრები ან სხვა რომელიმე სხვა სახელმწიფოები მიიღებენ მონაწილეობას ამ მანდატში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 10 თებერვალს.


მისი თქმით, თბილისი არ გამორიცხავს საერთაშორისო მანდატის ფარგლებში რუსი სამხედროების მონაწილეობასაც.


“თუმცა მხოლოდ რუსული სამშვიდობოები ამ [კონფლიქტის]ზონაში ჩვენთვის უკვე მიუღებელია, რადგან, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ფაქტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ედუარდ] კოკოითს ოფიციალურ დონეზე მუდმივად მოიხსენიებენ პრეზიდენტად, აჩვენებს, რომ რუსეთის სერიოზული წრეები არიან არა შუამავლები, არამედ მხარე ამ კონფლიქტში“, – განაცხადა ბურჯანაძემ დსთ–ს ტრიბუნიდან.

Back to top button