ახალი ამბები

პარლამენტში ფრაქცია “მრეწველების“ პრეზენტაცია შედგა

დღეს პარლამენტში ფრაქცია “მრეწველების“ ოფიციალური პრეზენტაცია შედგა. 10–კაციან ფრაქციას, რომელშიც “მემარჯვენე ოპოზიციის“ 7 ყოფილი წევრი და სამი მაჟორიტარი დეპუტატია გაერთიანებული,  სათავეში დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე ჩაუდგა.


ამ ფაქტმა მრეწველების ყოფილი პარტნიორების “ახალი მემარჯვენეების“ მხრიდან მწვავე შეფასებები გამოიწვია. “მემარჯვენეებმა“ მრეწველების ნაბიჯი “ღალატად“ შეაფასეს, რასაც მათი მტკიცებით, ბიძგი საპარლამენტო უმრავლესობამ მისცა.


“ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ახალი ფრაქციის შექმნით ოპოზიციის რიგები რაოდენობრივად შემცირდა და გაიზარდა ხელისუფლების სატელიტ ფრაქციათა რიცხვი.


მიუხედავად იმისა, რომ  “მრეწველები” და “ახალი მემარჯვენეები” პარლამენტში პარტნიორები აღარ არიან, ეს ორი პოლიტიკური ძალა, რომელთაც ერთად გადალახეს 2004 წლის არჩევნებში 7%–იანი ბარიერი, კვლავ ერთ ბლოკშია გაერთიანებული.


“ჩვენ ბლოკის დაშლა არ შეგვითავაზებია, მაგრამ თუ ისინი [“ახალი მემარჯვენეები”] გამოვლენ ინიციატივით ბლოკის დაშლის თაობაზე, ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით“, – განაცხადა დღევანდელ პრეზენტაციაზე ზურაბ ტყემალაძემ.

Back to top button