ახალი ამბები

ოქრუაშვილი: სამ რუს ოფიცერს გავათავისუფლებთ

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება სამი რუსი ოფიცრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც 8 თებერვალს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამხედრო პოლიციამ სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო დააკავა. რუს სამხედროებს ქართული მხარე ეუთოს დამკვირვებლებს დიდი ლიახვის ხეობაში, კეხვის პოსტზე გადასცემს.


“მათ ვაძლევთ 24–საათიან ვადას, რათა დროულად დატოვონ საქართველო… ეს ოფიცრები იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ და ყველა ის რიტორიკა და ვარაუდი, რომ კონფლიქტის ზონაში რუსეთის მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ ვიზები, არის სრული სისულელე. სავიზო რეჟიმი თავის დროზე შემოღებული იქნა რუსეთის მხარის მიერ და ახლა ისინი იმკიან იმას, რაც დათესეს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


მინისტრის განცხადებით, რუსი სამხედროების წინააღმდეგ საქმე არის აღძრული საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით.  “ამ საქმის გამოძიება გაგრძელდება და მისი დამთავრება დამოკიდებული იქნება იმაზე რამდენად კეთილ ნებას გამოამჟღავნებენ ეს რუსი სამხედროები და მათი ხელმძღვანელებიც, ანუ შეასრულებენ თუ არა იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენ მათ წავუყენეთ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა. 


მისი თქმით, თითოეულ სამშვიდობოს მოეთხოვება ვიზის აღება. “მე არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ინციდენტები განმეორდეს, თუ ისინი არ მიმართავენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და არ მოითხოვენ ასეთი დოკუმენტების [ვიზის] აღებას“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.


“ჩვენ არ ვიქნებით დამთმობები, როდესაც საქმე ეხება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, მაგრამ იმავდროულად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია არ გამოვიდეს კონტროლიდან, ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ დაიცვას ეუთოსთან შეთანხმებული ყველა ის პრინციპი და დებულება, რომელიც შეეხება რეგიონში სამშვიდობო ინიციატივებს“, –  განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


მისი თქმით, კონფლიქტის ზონაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და საგანგაშო არ არის, “თუმცა ბოლო პერიოდში რუსეთთან ურთიერთობებში მოვლენების განვითარება  გვაიძულებს ჩვენ ვიყოთ გაცილებით უფრო ფხიზლად, გაცილებით მობილიზებულები, ვიდრე ეს იყო აქამდე“.


თავდაცვის მინისტრმა “დეზინფრომაცია“ უწოდა რუსული მხარის განცხადებას კონფლიქტის ზონაში დამატებით 250 ქართველი სამხედროს შეყვანასთან დაკავშირებით.


“ასეთი რამ არ მომხდარა. ჩვენ დარჩენილი გვაქვს სამშვიდობოების კვოტა 250 კაცის ოდენობით შესავსებად  და ბუნებრივია, რომ თუ ჩვენ დამატებითი ძალების მობილიზებას მოვახდენთ, ამას გავაკეთებთ იმ სამშვიდობო კონტიგენტის ფარგლებში, რაც კანონით [500 კაციანი კვოტა] ისედაც გვეკუთვნის, შეთანხმების მიხედვით“, – განაცხადა მინისტრმა.

Back to top button